“სტუდენტური ცხოვრება მრავალფეროვანი და დაუვიწყარია, მაგრამ მის უკან ბევრი სირთულე და გამოწვევაც იმალება” – ლიზი გრიგოლავა

0
94
#image_title

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

ბევრჯერ დაუსვამთ კითხვა, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტიკა, რატომ გადავწყვიტე ამ პროფესიის არჩევა და მზად ვიყავი თუ არა მიმეღო ის გამოწვევები, რომლებიც ამ პროფესიას ახლავს თან. მართალია, უამრავი პროფესიაა, მაგრამ ჟურნალისტიკამ დამაინტერესა მისი მრავალფეროვნებით, დინამიკურობითა და შესაძლებლობებით. ეს ის სფეროა, სადაც ერთდროულად შეგიძლია იყო დამკვირვებელი, მკვლევარი და, ამასთანავე, მთხრობელიც. ბავშვობიდან მიყვარდა წერა, ჩემი ცნობისმოყვარეობის ნიჭით ადამიანების ისტორიების მოსმენა და გადმოცემა. მგონია, რომ ჟურნალისტიკა არა მხოლოდ პროფესიაა, არამედ მისია – ხმა მისცე მათ, ვინც გაჩუმებულია და გაავრცელო სიმართლე, რომელიც ხშირად ამოუცნობი და იდუმალია.

მომწონს, რომ ჟურნალისტიკა მუდმივად მოძრაობს და მუდამ განვითარების შესაძლებლობას გაძლევს. ჩემი არჩევანი განაპირობა იმან, რომ მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია, მათი ამბების გაგება და გადმოცემა. მინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდო და გავაცნო ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის უცნობი და ამოუხსნელია.

რაც შეეხება სტუდენტობას, სტუდენტური ცხოვრება ჩემთვის ყველაზე საინტერესო და, ამავე დროს,დატვირთული პერიოდია. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ჟურნალისტიკის სტუდენტობა არ მოიცავდა მხოლოდ ლექციებს. ეს არის მუდმივი ჩართულობა, პრაქტიკა, ახალი თემების ძიება და უსაზღვრო კომუნიკაცია.

სტუდენტობაზე ზოგადად რომ მოგიყვეთ, რა თქმა უნდა, სტუდენტური ცხოვრება ხშირად მრავალფეროვანი და დაუვიწყარია, მაგრამ მის უკან ბევრი სირთულე და გამოწვევაც იმალება. ეს არის პერიოდი, როცა ერთდროულად ცდილობ სწავლის, მუშაობისა და პირადი განვითარების დაბალანსებას. პირველი შეხება უნივერსიტეტთან მომავლისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, თუმცა ამ გზაზე პრობლემებიც იჩენს თავს.

სტუდენტური ყოველდღიურობა არც ისე მარტივია. ბევრ სტუდენტს უწევს მუშაობა სწავლის პარალელურად. ზოგიერთი სამსახური სწავლასთან შეთავსებას არ უშვებს, რაც ხშირად იწვევს სტრესსა და აკადემიური შედეგების შემცირებას.

სტუდენტისთვის ხშირად მთავარი პრობლემა ფინანსებია. უნივერსიტეტის სწავლის საფასური, საცხოვრებელი ხარჯები და ყოველდღიური საჭიროებები ერთობლივად დიდ ტვირთად იქცევა. ბევრს უწევს ოჯახისგან შორს ცხოვრება, რაც დამატებით ხარჯებს მოიცავს.

სწავლის, მუშაობისა და სოციალური ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება, მაგალითად, დავალებების შესრულება დავუთმოთ დრო თუ მეგობრებთან შეხვედრას.

სასწავლო პროგრამები ზოგჯერ იმდენად გადატვირთულია, რომ სტუდენტები ვერ ასწრებენ ყველაფერს. ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა საგნის დავალებები ერთმანეთ ემთხვევა, რაც დამატებით სტრესს იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი გვაწვდის თეორიულ ცოდნას, რეალურ სამყაროში პრაქტიკული გამოცდილების მიღება რთულია. ბევრი სტუდენტი სწორედ ამაში ხედავს პრობლემას, რადგან პრაქტიკა კარიერის დაწყებისთვის აუცილებელია..

სწავლისა და მუშაობის გამო სტუდენტები ხშირად ვერ პოულობენ დროს საკუთარი ინტერესებისთვის ან დასვენებისთვის, რაც ზოგჯერ ემოციურ გამოფიტვას იწვევს.

მიუხედავად ყველაფრის,სტუდენტობა, სირთულეების მიუხედავად, საუკეთესო დროა პიროვნული განვითარების, ახალი მეგობრების შეძენისა და საკუთარი მიზნების დასახვისთვის. ეს ის პერიოდია, როცა სწავლობ გამოწვევების მიღებას და რთულ სიტუაციებში გამოსავლის პოვნას.

სტუდენტური ცხოვრება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მას თან ახლავს გამოცდილება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გახსოვს. პრობლემების მიუხედავად, ეს არის გზა, რომელიც მომავალში  პროფესიონალისა და დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებაში გვეხმარება.

#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ