“მწერლის მთავარი დანიშნულება ხალხისთვის “ვარდისფერი სათვალის” ჩამოხსნა მგონია”- ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა მარგიანთან

0
480
ლაშა
#image_title

ავტორი: ანა ბილანიშვილი

ლაშა მარგიანი ქართველი თანამედროვე მწერალია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში. მისი წიგნი „შენ მარტო არ ხარ“ უკვე უამრავი ოჯახის თაროს ამშვენებს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უკეთ დაგეხმარებათ თანამედროვე მწერლის გაცნობაში.

რა უნდა იცოდეთ ლაშა მარგიანზე?

– რითი გააცნობდით თავს აუდიტორიას?

  • თვითნასწავლი მეოცნებე ვარ.

– თქვენი აზრით, რა განგასხვავებთ სხვა ადამიანებისგან?

  • მე მათი გაგება შემიძლია, ისინი მე ვერასოდეს გამიგებენ.

მწერლობა: ნიჭი თუ შეძენილი უნარი?

– მწერლობა ნიჭია თუ შეძენილი უნარი?

  • ნიჭია, რომელსაც ძალიან ბევრი მუშაობა, შრომა და განვითარება სჭირდება, ღირებულ ნაწერებამდე რომ დავიდეს.

– თქვენი აზრით, ამ საუკუნის საქართველოში გვყავს თუ არა ბევრი კარგი მწერალი?

  • ალბათ გვყავს, მაგრამ ზოგი მხოლოდ ფიზიკური სიცოცხლით ცოცხლობს, ზოგი თავისი ნაწერებით, ჭეშმარიტი მწერალი მეორეა, სიკვდილის შემდეგაც რომ ცოცხალი რჩება.

მწერლის გავლენა საზოგადოებაზე

– თქვენი აზრით რა გავლენას ახდენს მწერალი საზოგადოებაზე?

  • შეახსენებს, რომ როგორც ადამიანს, საზოგადოებასაც სული აქვს.

– ხშირად ამბობენ, რომ მწერლის მთავარი მოვალეობა ხალხისთვის იმედის მიცემაა, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

  • მწერლის მთავარი დანიშნულება, ხალხისთვის ვარდისფერი სათვალის ჩამოხსნა მგონია, მატრიციდან გამოყვანა, რეალური ცხოვრების დანახვა მათთვის და მათი ნამდვილი ,,მე“-ს პოვნაში დახმარება.
"მწერლის მთავარი დანიშნულება ხალხისთვის "ვარდისფერი სათვალის" ჩამოხსნა მგონია"- ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა მარგიანთან
შენმარტოარხარ

წიგნის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში

– თქვენი აზრით, წერა რა როლს თამაშობს ადამიანის განვითარებაში?

  • კაცობრიობის ისტორიაში წიგნზე ღირებული არაფერი შექმნილა, ადამიანი პირველად სულს მაშინ შეეხო, როცა წიგნი გადაშალა.

– ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანი მიმართავს წერის ტექნიკას, რომელზეც ამბობენ, რომ საუკეთესო საშუალებაა სტრესისა და დეპრესიისგან თავის დაღწევისთვის. თქვენ რას ფიქრობთ?

  • გააჩნია რისთვის წერს ადამიანი, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. მე როცა ვწერ, ეს ყველაზე მტკივნეული პროცესია ჩემთვის და თან ამ ტკივილშია ყველაზე დიდი შვებაც.

განათლება და მწერლობა

– არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ რადგან ბევრი წიგნი არ აქვთ წაკითხული ან საკმარისი განათლება არ აქვთ მიღებული, ვერ დაწერენ ვერაფერს, მიუხედავად სურვილისა. როგორ ფიქრობთ, განათლებას რა როლი უკავია მწერლების საზოგადოებაში? რამდენად მნიშვნელოვანია ის?

  • განათლებას ნებისმიერ საზოგადოებაში უდიდესი ადგილი უკავია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. უბრალოდ არ კმარა კონკრეტული ინდივიდების განათლება საიმისოდ, რომ სრულიად ერში მოხდეს სასიკეთო ძვრები თუ ერი არ ესწრაფვის განათლებას.

მწერლობისკენ მიმავალი გზა

– თქვენი პირადი ცხოვრებიდან რომ გაგვიზიაროთ რომელიმე ეპიზოდი, როცა მიხვდით, რომ წერა იყო ის, რაც თქვენ უნდა გეკეთებინათ.

  • როცა სიტყვებით გამოვხატე ის, რასაც სხვა ვერაფრით და ვერანაირად ვერ გამოვხატავდი, მაშინ მივხვდი და ვიგრძენი ეს. როგორც იოანეს სახარება იწყება – “თავდაპირველად იყო სიტყვა”.

საყვარელი ავტორები და წიგნები

– როგორია თქვენთვის კარგი მწერალი და რომელ მათგანს გამოარჩევდით?

  • მწერლებს არ ვყოფ კარგებად ან ცუდებად, მათი ნაწერები ან მოდის ჩემს სულთან ახლოს, ან არა, სულ ესაა. ჩემს სულთან ახლოს კი მხოლოდ გულწრფელი მწერლების ნაწერები მოდის. არ არსებობს გულწრფელობაზე უფრო ღრმა სივრცე.

– ხშირად მგონია, რომ მეც, თქვენც და თითქმის ყველას გვაქვს გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც ღრმა ბავშვობიდან ან ჩვენი ცხოვრების რთული ეტაპიდან გვახსოვს (ასე ვთქვათ, “გადამრჩენელი” წიგნი.) თქვენ თუ გახსენდებათ მსგავსი რომელიმე ნოველა/ნაწარმოები?

  • რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობები. განსაკუთრებით: “დიალოგი წყვდიადში”.

„შენ მარტო არ ხარ“ – ლაშა მარგიანის წარმატების გზა

– თქვენ ხართ ავტორი წიგნისა “შენ მარტო არ ხარ”, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა. როგორი გრძნობაა, როცა იცით, რომ საკუთარი სამყარო ამდენი მკითხველს გააცანით?

  • თან ცისხელა სევდაა, თან ცისხელა სიხარული. ყველაზე მეტად კი ის აზრი მიჭამს ნერვებს, რომ სადმე ისეთი სიტყვა ხომ არ გამეპარა, რომელშიც მოვიტყუე ან რომელსაც ვინმესთვის შინაგანი ზიანის მიყენება შეუძლია.

"მწერლის მთავარი დანიშნულება ხალხისთვის "ვარდისფერი სათვალის" ჩამოხსნა მგონია"- ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა მარგიანთან

– ცნობილია ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი შეტყობინება მოგდით იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალეთ. ფიქრობდით თუ არა თავიდან, რომ ამხელა ზეგავლენა გექნებოდათ სხვებზე?

  • გულწრფელად რომ გითხრა, ვფიქრობდი, კი, დიდი აუდიტორია მყავდა მანამდე სოციალურ ქსელში და სანამ წიგნად დავბეჭდავდი ჩემს ნაწერებს, მანამდეც ძალიან ბევრი ადამიანი პოულობდა ამ ნაწერებში საკუთარ თავს.

პოპულარობა და გამოწვევები

– რთულია იყოთ ცნობილი ჩვენს საზოგადოებაში?

  • გააჩნია რითი ხდები ცნობილი, ზოგისთვის ეს ტკბილ ნამცხვარს ჰგავს, ზოგისთვის ყულფს კისერზე. აქ ხომ ვერ ითმენენ, ვერ ეგუებიან და ვერ იტანენ ნამდვილებსა და განსხვავებულებს.

– რა სირთულეებს გადააწყდით წიგნის გამოცემის შემდეგ?

  • ორჯერ უფრო მეტ ვაკუუმსა და მარტოობაში აღმოვჩნდი მწერლებსა და პოეტებს შორის, ვიდრე მანამდე ვიყავი.

ლაშა მარგიანის რჩევა ახალბედა მწერლებს

– მე პირადად როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს მხოლოდ თავის ნაწერებში მალავს და რაღაცნაირი შიში აქვს იმისა, რომ საზოგადოება ვერ მიიღებს მათ. რას ეტყოდით ასეთ ადამიანებს?

  • გაბედე, იქნებ სწორედ ეს არის ის, რისთვისაც დაიბადე.

მკითხველის საუკეთესო რეაქცია

– და ბოლოს, რა არის ყველაზე სასიხარულო რამ, რაც მკითხველისგან მიგიღია?

  • როცა მეუბნებიან, რომ ჩემს ნაწერებში საკუთარ თავს პოულობენ, როცა მეუბნებიან, რომ სულის ენაზე ვწერ და რომ სულერთია რა ენაზე ფიქრობენ და კაპარაკობენ, მაინც მიდის მათთან ჩემი სიტყვები, როცა მეუბნებიან, რომ თურმე სადღაც მათნაირიც არსებობს.

ბატონ ლაშას უდიდეს მადლობას ვუხდით დროის დათმობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მისი შემოქმედების გზაზე! 😊📖✨

 

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ